ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს ლევან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე GEM fest-თან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არაა.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს კახეთში გამართულ მედია სემინარზე განუცხადა და დასძინა, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე - "შესაძლოა, რომ გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს", ლევან გამყრელიძემ შემდეგი პასუხი გასცა:
"თუ დანაშაული გამოიკვეთა, რატომაც არა, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება, დოკუმენტაციის თემატური რევიზია, მოწმეთა გამოკითხვები. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედბვიაც გამოიკვეთება პასუხისგებაში მისაცემი პირი, პირები. სანამ მტკიცებულება არ იქნება ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ შეიძლება, რომ არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმცია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: GEM fest-თან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით.
"საქმეზე ძალიან ბევრი ადამიანია გამოკითხული, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ისე სხვები, ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებული და ისინი, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესები. სულ ალბათ 100-მდე პირი გამოიკითხა და გამოკითხვები კვლავ გრძელდება. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა, ზოგიერთი უცხოეთშია და ამ ყველაფერს გამოძიება და დრო სჭირდება. მიმდინარეობს დოკუმენტაცის შესწავლა, ანუ, რა თანხები შემოვიდა და რა გაიცა. გამოსაკითხი არიან ასევე ადამიანები, რომლებიც იყვნენ კონტრაქტორები, რომლებმაც ჩამოიტანეს აპარატურა, დაამონტაჟეს და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის გამოძიება”, - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხულ ფულს, გამყრელიძის ინფორმაციით, ”ამაზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს“.
www.bm.ge