საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA იწყებს. კომპანიამ მარეგულირებლისგან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა უკვე მიიღო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიას უფლება აქვს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია განახორციელოს.
ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და ამ ეტაპზე AK-AIR GEORGIA-ს საკუთრებაში ერთი L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდია, რომლითაც კომპანია ადგილობრივი სამგზავრო რეისების განხორციელებას გეგმავს.
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის სააგენტომ AK-AIR GEORGIA-ს ფინანსური მდგომარეობა შეაფასა, რაც მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალი, დამატებითი მექანიზმია.
www.travelingeorgia.ge