ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეი ალი: ვიმედოვნებ, ხალხი გაიცნობს ქართულ ღვინოს და გაიგებს მის მშვენიერებას
01 მაისი, 2018

აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მრავალტირაჟიან და პოპულარულ ჟურნალ Food and Wine-ის 2018 წლის ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდება. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორი რეი აილი და ჟურნალის ფოტოგრაფები იმყოფებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული ტურის ფარგლებში, ჯგუფმა დაათვალიერა ღვინის მწარმოებელი მცირე და დიდი მარნები ქართლსა და კახეთში და ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნო. რეი აილის თქმით, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიციის გაცნობა.

„სტატია ეხება ქართულ ღვინოს და სამზარეულოს, თუ როგორ ეხამება ისინი ერთმანეთს. დიდი ხანია ღვინოებზე ვწერ და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო 4-5 წელია გაჩნდა ამერიკის სომელიეთა და რესტორნების საზოგადოებაში. გამისინჯავს ქართული ღვინო, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ქართული ღვინის საწარმოში და ამ ქვეყანაში, არ მინახავს როგორ ამზადებენ მას, არ ვყოფილვარ ვენახში, ეს კი მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ხალხი გაიცნობს ქართულ ღვინოს და სამზარეულოს და გაიგებს მის მშვენიერებას“ - აღნიშა მან.

მისივე თქმით, ის პირველად არის საქართველოში და ყველაზე დიდი აღმოჩენა ადამიანებია. „აქაური კულტურა, ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა, გახსნილია ვიზიტორებისთვის, რომლებიც საქართველოში მის შესაცნობად ჩამოდიან, რითაც საქართველომ უნდა იამაყოს. აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნა სასიამოვნოა, სადღეგრძელოების ტრადიცია, სტუმრის პატივისცემა, მიპატიჟება, ასეთი რამ შეერთებულ შტატებში არ არის.” - განაცხადა მან.

ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი 925 000-ია თვეში, სოციალურ მედიაში კი მას 2,3 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.