რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია 1-ელი ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს. გადაწყვეტილება ავიკომპანია TAROM-ისა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს.
როგორც “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა განაცხადა, გაერთიანება TAROM-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით.
“რუმინეთსა და საქართველოს შორის, აქამდე, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასდროს განხორციელებულა. ივლისიდან ბუქარესტის მიმართულებით, საქართველოს უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება პირდაპირი ფრენები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დედაქალაქის მიმართულებით სახელმწიფო ავიაკომპანია ტარომი იფრენს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air განახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ავიამიმართულებები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გააღრმავებს”,- განაცხადა დეა მაჭავარიანმა.
2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუმინეთის მოქალაქეების რაოდენობა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 5%-ით არის გაზრდილი.