ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომლია ყველაზე ძველი მუზეუმი საქართველოში
18 ივლისი, 2018
1887 წელს დაარსებული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმია საქართველოში.
 
კულტურის სამინისტროს მონაცემებით, მუზეუმი, როგორც კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილი, კავკასიის მასშტაბით საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს წარმოადგენდა. მეაბრეშუმეობის სადგურს ამჟამად მხოლოდ მუზეუმის ფუნქცია აქვს.
 
130-წლიანი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად მუზეუმი პოპულარიზაციას უწევს აბრეშუმის შესახებ ცოდნას. მუზეუმის შენობა ააგო პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
 
 
აბრეშუმის მუზეუმის შენობა ყურადღებას იქცევს გამორჩეული არქიტექტურით. სტილისტური თვალსაზრისით ნაგებობა მრავალი ტრადიციის შერწყმის შედეგია. შენობის ფასადები ითავსებს ე.წ. “რუსული სტილის”, კლასიცისტურ, გოთურ და ისლამურ ფორმებს. ინტერიერის არქიტექტურული დეკორი აბრეშუმის თემაზე ნაძერწ ელემენტებს შეიცავს - ფრიზი, კარნიზი, პილასტრი, კაპიტელი ხან თუთის ფოთლით, ხან აბრეშუმის ჭიით, ხან პარკითა თუ ჭუპრით არის გამოძერწილი.
 
 
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია აბრეშუმის პარკის უნიკალური კოლექცია, რომელიც 5000-მდე სხვადასხვა ჯიშისა და ჰიბრიდის პარკისაგან შედგება. უძველესი ნიმუშები 1865 წლით, ხოლო უახლესი 2017 წლით თარიღდება. კოლექციაში წარმოდგენილია იაპონური, ჩინური, კორეული, ინდური, უზბეკური, ყირგიზული, თურქმენული, ირანული, თურქული, კვიპროსული, სირიული, ბერძნული, ბულგარული, ავსტრიული, უნგრული, იტალიური, კორსიკული, ფრანგული და კავკასიური, მათ შორის ქართული ჯიშის პარკებიც.
 
 
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.