მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა.
მიღებული გადაწყვეტილებით ამ ნუსხაში მოხვდა და მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ისარგებლებენ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიჩის; ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების მელუშეეთის, ბეგიაურის, მანდაეთისა და წყალშავის; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზვარეს, ჩრდილის და გედსამანიის; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების ტაძრისის და საკირეს; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბრდაზორის; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ღოღეთის; ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანის; ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურას მცხოვრებლები.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება.
დღემდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს 1715 დასახლებას.
შეღავათებით ისარგებლა 7272 ოჯახმა, რომელთაც 2017 წელს შეეძინათ შვილი; 69 803 პენსიონერმა; 14 150 სოციალური პაკეტის მიმღებმა; 11 395 პედაგოგმა; 574 ექიმმა; 989 ექთანმა; 295 სპორტის სფეროში დასაქმებულმა; მეწარმეებმა ისარგებლეს საგადასახადო შეღავათებით; 77 973 ოჯახმა ისარგებლა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათებით.
გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო. 3 მლნ ლარი გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი" - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისათვის. 7 მლნ ლარი გამოიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისათვის.
www.travelingeorgia.ge