„საქაერონავიგაცია“ 25 წლისაა და იუბილეს საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრით შეხვდა
ცენტრის გახსნას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს რეგიონულ დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა, ევროკონტროლის გენდირექტორი ეამონ ბრენანი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქვეყნის პრემიერმა ცენტრის გახსნაზე აღნიშნა, რომ ეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტია, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამბობს, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო ინდუსტრიის განსავითარებლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ავიაციის, ტურიზმის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას.

„საქაერონავიგაციას" აქვს პოტენციალი, რომ ავიაკომპანიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ეფექტური მომსახურება გაუწიოს, შესაბამისად, გახდეს უფრო მეტი ავიაკომპანიის პარტნიორი უსაფრთხო ცით, გამართული ინფრასტრუქტურით და მაღალკვალიფიციური კადრებით. უმნიშვნელოვანესია, საავიაციო სფეროში განხორციელებული რეფორმები განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან და ეს შეფასებები ყოველწლიურად უმჯობესდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა „იკაოს” აუდიტის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით უმაღლესი პროგრესი დაფიქსირდა. მისივე თქმით, ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საავიაციო სტანდარტები საქართველოში მაღალ დონეზეა.
აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა და ყველა ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რეკორდულ ზრდას. იცით, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით.

გასულ წელს "საქაერონავიგაცია" 15%-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა, ევროკონტროლის პროგნოზით კი, ეს ტენდენცია ყოველწლიურად დამატებით 7%-ით გაიზრდება. მხოლოდ მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთი ახალი პირდაპირი მიმართულება დაემატა. ესენია: რომი, პარიზი, პრაღა, ბარსელონა, ათენი. 2017 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა 43%-იანი ზრდა, 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, კი უკვე 34%-იანი ზრდაა.
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვას უწყობს ხელს „საქაერონავიგაციის" მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ის ავიაკომპანიებს სთავაზობს.

www.travelingeorgia.ge