ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორია ნასოფლარი გირევი თუშეთში, რომელსაც ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
31 ივლისი, 2018

სოფ. გირევი პირიქითი ალაზნის ხეობაში, აღმა თემში, სოფ. ომალოდან დაახლ. 50 კმ-ზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სოფლის მოსახლეობა სამი გვარისგან აზიკური, ხოსიკურიძე და შუარიძე შედგებოდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, საბჭოთა პერიოდში, როდესაც პირიქითა თემის სოფლები ჰეღო, ჭონთიო, დაქიურთა და ნაკუდურთა მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი ნაწილი სოფ. გირევში სახლდებოდა. ამის გამო, პირიქითა თემის სოფლებიდან გირევი ყველაზე ბოლოს დაცარიელდა. ამჟამად სოფელში მოსახლეობა მუდმივად არ სახლობს. სოფელთან ახლოს მესაზღვრეების პუნქტია.

სოფელი კომპაქტურადაა განაშენიანებული, შედგება სხვადასხვა დანიშნულების ორმოცამდე შენობისგან. ნაწილი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი გადაკეთებულია და თუნუქის სახურავით არის გადახურული.

სოფლის დასავლეთით, 1,5 კმ-ზე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხუთი კოშკია შემორჩენილი. ყველაზე უკეთ ჩრდილოეთით მდგარი ხუთსართულიანი კოშკია შემორჩენილი. ნაგებია ფიქალით. წყობა მშრალია. კოშკის პირველი და ზედა სართული შეკრული კამარითაა გადახურული. დანარჩენებს კი, ხის კოჭებზე დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონია.

პირველი სართული მეორესთან, კამარაში მოწყობილი სწორკუთხა ხვრელითაა დაკავშირებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - თითო სათოფური. მესამე და მეოთხე სართულების გადაწყვეტა მეორის ანალოგიურია. მეხუთე სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლებზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა ჩარდახი აქვს. კოშკს საფეხურებიანი, პირამიდისებრი გადახურვა აქვს.

კოშკი საყურადღებოა თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ნიშნებით. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი. 

დანარჩენი ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. ოთხივე საცხოვრებელ-სათავდაცვოა. მათ შორის შედარებით ნაკლები დანაკარგებით ხუთსართულიანი კოშკის მოპირდაპირედ მდგარი ციხე-სახლია (6,5ხ6,5 მ) შემორჩენილი. იგი ოთხსართულიანი ყოფილა (შემორჩენილია სამი სართული და მეოთხის დასაწყისი), ამჟამად მას სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე, მთელ სიმაღლეზე, მონგრეული აქვს.

დანარჩენი ციხე-სახლებიდან ორი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული, მესამედან კი, რომელიც სამხრ-ით, ყველაზე დაბალ ადგილზე დგას, დასავლეთი ნახევარიღაა შემორჩენილი _ სამი სართულის სიმაღლეზე

ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ნასოფლარ გირევს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია 9 ციხე-სოფელთან ერთად განესაზღვრა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.