თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებშია, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.
კერძოდ, 30 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე დაფიქსირდა, 31 აგვისტოდან კი კონცენტრაციების მატება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. მომატებული PM10-ის კონცენტრაციები ფიქსირდებოდა 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში. სააგენტოში განმარტავენ, რომ გადაჭარბება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით იყო გამოწვეული. კერძოდ, მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასებით.
ამავე პერიოდში თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე მომატებული იყო ასევე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.
www.travelingeorgia.ge