როგორი იქნება ქუთაისში რეაბილიტირებული თეთრი ხიდი - რეკონსტრუქცია აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება
ქუთაისში თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხიდზე ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვლება. მოხდება ხიდის კონსტრუქციის გამაგრება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა-რუს საქართველო" ასრულებს.
„თეთრი ხიდი ქუთაისის სავიზიტო ბარათია და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, ამიტომაც ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ეს მშენებლობა“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სატენდერო პირობების თანახმად სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.
იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება რეაბილიტირებული, ისტორიული თეთრი ხიდი, ამასთან დკავშირებით ინტერნეტში ფოტოები არაერთხელ გავრცელდა.
როგორც ტენდერის პირობებში იყო მითითებული ხიდზე სრულად მოხდება არსებული ხის საფარისა და ლამპიონების დემონტაჟი. გამოიცვლება არსებული მოაჯირის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდება მისი ანალოგი. ხიდის სავალ ნაწილზე მოეწყობა ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები.
ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯება.
ქუთაისის „თეთრი ხიდი“ მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე გრიშაშვილისა და პუშკინის ქუჩებს აკავშირებს. „თეთრი ხიდის“ რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით დაამონტაჟეს მანამდე არსებული ხის ხიდის სანაცვლოდ, რომლის ბურჯები 1860 წელს წყალდიდობამ დააზიანა. ხის ხიდი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზის სახელობის იყო, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ახალ ხიდს კი „თეთრი“ მისი შეფერილობის გამო უწოდეს.
www.travelingeorgia.ge