მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე ნოემბერში გაიხსნება, - ამის შესახებ „საქმის კურსს“ "გალერეა თბილისის" დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განუცახდა.
მისი თქმით, მშენებლობის სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად შიდა რემონტი მიმდინარეობს.
კითხვაზე, რატომ გადაიდო სავაჭრო ცენტრის გახსნა, რადგანაც თავიდან მისი ამოქმედება სექტემბერში დაანონსდა, ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არ გადადებულა, რადგანაც "გალერეა თბილისის" გახსნა თავიდანვე 2017 წლის შემოდგომაზე იყო დაანონსებული.
ნიკა ცინცაძეს უჭირს გახსნის ზუსტი თარიღის დაკონკრეტება და აცხადებს, რომ ეს ოქტომბრის ბოლოს გაირკვევა.
2016 წლის თებერვალში პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი - "გალერეა თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნებოდა. მიმდინარე წლის მაისში კი ნიკა ცინცაძე აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრი ოქტომბერში გაიხსნებოდა.
"გალერეა თბილისი" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია. "გალერეა თბილისის" ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. "გალერეა თბილისი" ვიზიტორებს შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები. საკვები ზონა მოეწყობა სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, ვერანდა. შენობის სამხრეთ ნაწილში კი განთავსდება 300 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც საგრძნობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას.
www.bm.ge