სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით 199 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა. აღნიშნული კომპონენტი რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას.
გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.
სააგენტოს 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 75 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 199 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 75 სასტუმრო შექმნის 2 000-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.
სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.