ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რჩევა – რატომ არ უნდა დაიხარჯოს რუსეთიდან ტურისტების შემოყვანაზე თანხები?
29 იანვარი, 2019

“ტრეფიკ ტრეველის” მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, რუსულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე ერთი ცენტის დახარჯვაც კი გაუმართლებელია. 

როგორც მან ამ თემაზე საუბრისას გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, დასახელებულ ქვეყნებში საქართველოს ცნობადობა, დამატებითი ხარჯების გარეშეც, საკმაოდ მაღალია. 

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც გაუმართლებელი ხარჯების გასაწევად დიდი ფინანსური რესურსი არ აქვს. 

“მაგალითად, ავიღოთ რუსული ბაზარი. მათთის უმარტივესია, ჩამოვიდნენ სქართველოში, ვიდრე – ევროპაში, რადგან იქ ჩასასვლელად ვიზა სჭირდებათ, შესაბამისად, ფასებიც უფრო მაღალია. ჩვენთან ბაზარს იცნობენ, ენის ბარიერი არ აქვთ და ასეა, თუ ისე, დიდი არჩევანიც არ აქვთ, ამიტომ ყველა ვარიანტში ჩვენთან ჩამოვლენ და მათ მოსაზიდად ფული არ უნდა დავხარჯოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახალ ბაზრებზე, საიდანაც ხალხი შემოდის და პოზიტიური ზრდაა. მათ შორის, საუკეთესო ვარიანტია სკანდინავიური ქვეყნები”, – აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ და დასძინა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ნორვეგიიდან, შვედეთიდან და დანიიდან ვიზიტორების მზარდი ტენდენციაა, მიუხედავად იმისა ამ ქვეყნებთან საქართველოს პირდაპირი რეისები არ აქვს. 

აქედან გამომდინარე, ჯაფარიძის აზრით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ზოგადად, სახელმწიფოს სტრატეგია ტურიზმთან მიმართებაში, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას უნდა მოიცავდეს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.