ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ შეუჩერდა საწარმოო პროცესი თბილისში რამდენიმე ცნობილ რესტორანს
22 მარტი, 2018

გასული კვირა ხმაურიანი იყო რესტორნების ბიზნესისთვის. თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კვების 19 ობიექტი შეამოწმეს და კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს 7 მათგანში. ამის გამო რესტორნებს “თაღლაურა”, “ძველი ქალაქი”, კაფე “კალა“, “პლაზა ჰოლი“, “კრუიზი”, “ოქროს კათხა” და “მუხამბაზი“ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ. როგორც „მაესტროსთან“ საუბრისას სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორმა ვასილ კვერნაძემ განაცხადა, კრიტიკული არის შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

„წარმოუდგენელი და შეუძლებელია ამ შეუსაბამობის აღმოფხვრა საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე. მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მზადდება სურსათი და საფრთხე ექმნება ამ სურსათის უვნებლობას, ეს პირდაპირი გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, შესაბამისად ჩვენი სამსახური შემოწმების დროს მსგავსი სიტუაციის აღმოჩენისას კანონიდან გამომდინარე მოქმედებს.

საუბარია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე. ასევე შემოწმების დროს სხვადასხვა მიმართულებით მოწმდება ნედლეული, ნედლეულის მიღების წესი, შენახვის, შემდგომი დამუშავების წესი და შესაბამისად რა ეტაპზეც ხდება შეუსაბამობის აღმოჩენა, კანონიდან გამომდინარე შესაბამისი სანქცია იწერება სააგენტოს მხრიდან“, - განმარტავს „მაესტროსთან“ ვასილ კვერნაძე.

მისივე თქმით, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვადას არ გასცემს ამ შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის. ამ დროს ჩერდება საწარმოო პროცესი ვიდრე ბიზნესოპერატორი არ გამოასწორებს ამ კშეუსაბამობას და არ დაწერს განცხადებას გახსნასთან დაკავშირებით. „შემდგომჩვენი წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უკვე უშუალოდ ინსპექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას საწარმოო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. აქვე განვმარტავ იმას, რომ როდესაც არ არის დაწერილი გახსნასთან დაკავშირებით განცხადება, ბიზნესოპერატორს თვითნებურად საწარმოო პროცესის განახლება ეკრძალება.“

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.