ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ აქვს ილიაუნის 3 სასტუმრო და 1 გემი? – ქადაგიძის კითხვა და რექტორის პასუხი
07 თებერვალი, 2019

“ილიაუნის მართლაც აქვს გემი, რომელიც შავ ზღვაში დელფინებს იკვლევს”, – ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ზე მიმდინარე დებატებში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილ დეკან გიორგი ქადაგიძეს მაშინ, როცა ეს უკანასკნელი დაინტერესდა, რატომ ფლობს უნივერსიტეტი სასტუმროებს და გემს. 

ქადაგიძესა და ზედანიას შორის დებატების ეს ნაწილი უნივერსიტეტის ბიუჯეტის და შემოსავლების გამჭვირვალობას და ხარჯვით მიზნობრიობას შეეხებოდა. 

„სპეკულაციები წავიდა თითქოს, მე ვამბობ, რომ ბიზნეს-სკოლიდან შემოსული თანხები მხოლოდ ბიზნესის სკოლას მოხმარდეს. ასე არაა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს აქვს სამი სასტუმრო და გემი. მე მაინტერესებს, იქნებ ბიზნეს სკოლის სტუდენტების ფულით ფინანსდება სასტუმროები და გემი?! ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ქადაგიძემ, რაზეც უნივერსიტეტის რექტორმა პასუხები გასცა. 

მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტს არა – 3, არამედ 4 სასტუმრო აქვს, მაგრამ ესაა რეალურად „კვლევითი ინსტიტუტები, რომელსაც სასტუმროს ფუნქცია გააჩნია“. 
„ეს სასტუმროები ძირითადად გამოიყენება სტუდენტების კონფერენციებისა და კვლევითი საქმიანობისთვის“, – აღნიშნა რექტორმა. 
სწორედ კვლევითი მიზნებით ახსნა გიგა ზედანიამ გემის ქონაც. 

„რაც შეეხება გემს, ცხადია, ეს არის კვლევითი გემი, რომელიც აკეთებს ძალიან საინტერესო კვლევებს და შავ ზღავში ერთ-ერთი იშვიათი გემია, რომელსაც აქვს აპარატაურა რათა დელფინების კვლევები გააკეთოს“, – განაცხადა რექტორმა. 

მისივე თქმით, ილიაუნის ბიზნესის სკოლის შემოსავლების 90% იხარჯება ისევ ბიზნესის სკოლაზე და მხოლოდ 10% მიემართება კვლევით საქმიანობებზე. 

„ეს კვლევები არ ტარდება ბიზნესის სკოლაში და ტარდება სხვა ფაკულტეტებზე და შედეგი ჩანს – ილიაუნის სამხრეთ კავკასიაში საუკეთესო კვლევითი ინსტიტუტი აქვს“, – განაცხადა რექტორმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.