ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რას სთავაზობს LES ROCHES-ის პროგრამა საქართველოში სტუდენტებს?
02 აპრილი, 2019

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალი შვეიცარული სკოლა ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის მიმართულებით, Les roches-მა საქართველოში ოპერირება უკვე დაიწყო. 

პროგრამაზე სწავლის დასაწყებად აუცილებელი პირობაა მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა. 

ამის შესახებ Les Roches-ს პროგრამის ხელმძღვანელმა და საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელმა მანანა უგულავამ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „Les Roches-ს დიპლომი არის პასპორტი ნებისმიერ ქვეყანაში“. 

„ეს არის საერთაშორისო ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც აღებს კარს ყველგან, მთელს მსოფლიოში, ტურიზმის ინდუსტრიაში. არიან ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სექტორში მუშაობენ, არიან წარმატებულები, თუმცა კარიერული განვითარება და წინსვლა სურთ, ხოლო მეორე კატეგორიაში შედიან ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები მასპინძლობის სფეროში, თუმცა სურთ პორტირება. რაც შეეხება მეთოდებს, ის არის პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული და ჩართულები არიან Les roches-ის პრაქტიკოსი ლექტორები, რომლებიც გარკვეული სიხშირით ჩამოდიან საქართველოში,“ – აღნიშნა მანანა უგულავა. 

პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, სწავლება, წელიწადი და სამი თვე გრძელდება, აქედან ცხრა თვე არის აქტიური თეორიულ/პრაქტიკული ფაზა, ხოლო შემდეგ უკვე 6-თვიანი სტაჟირება იწყება. 

მთავარი მიზანი კი, საქართველოში ტურიზმის სექტორის გაუმჯობესება და მეტი კვალიფიციური კადრის გადამზადებაა. 

„ჩვენი მიზანია, ეს ადამიანები დარჩნენ საქართველოში. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდით უნდა გაიარონ სტაჟირება საზღვარგარეთ, თუმცა უნდა დაგვიბრუნდნენ და ჩვენ ერთად ვეცადოთ იმ პრობლემების მოგვარება, რაც დღეს აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში ანუ პროგრამის საქართველოში განხორციელებამ სტუდენტების გადინების პროცესები უნდა შეაჩეროს“, – აღნიშნა უგულავამ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში Les roches -ს პროგრამის სწავლას რეგიონის სხვა ქვეყნების სტუდენტებიც შეძლებენ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.