თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე ისაუბრა, რომელმაც დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მიღება შეაფერხა. მერიის შენიშვნები მერის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.
ელოშვილმა გენგეგმის მნიშვნელობაზე აღნიშნა და ისაუბრა იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირობებში არსებობს.
ილია ელოშვილის განცხადებით, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფარის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებთან დაკავშირებით, სუსტად არგუმენტირებულ კვლევებს უკავშირდება. მერის მოადგილის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეები საერთოდ არ არის დატანილი.
გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები, შეცვლილია მათი სტატუსები, რაც დოკუმენტსა და მის ეფექტიანობას საბოლოოდ, ბუნდოვანს ხდის.
ელოშვილს მიაჩნია, რომ მწვანე ქალაქის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების განვითარების მიმართულებით შემოთავაზებული კვლევები კომპლექსური და სრულყოფილი არ არის. არ არის წარმოდგენილი სატრანსპორტო მოდელირება და გზების მშენებლობის კონცეფციები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შეკითხვები ძირითადად, გენგეგმის განახლებასა და მის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, სწორად იყო თუ არა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული იმ აქტივობების ერთობლიობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს, რათა არსებული დოკუმენტის გაუმჯობესება მოხდეს.
დედაქალაქის მერია საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებს, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ მონაწილეობით, თბილისის მერიაში 26 მარტს გაიმართება.
www.travelingeorgia.ge