ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებია წყალტუბოში
08 თებერვალი, 2018

რა კულტურული მემკვიდრეობაა წყალტუბოში და როგორი უნდა იყოს კურორტის გენერალური გეგმა - ამ მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია ჩაატარა.

აღიწერა მე-20 საუკუნის „სტალინური“ ეპოქის მხატვრული ესთეტიკის მქონე მონუმენტური არქიტექტურული სტილის ყველა ის შემორჩენილი ნაგებობა, რომელიც თავის დროზე უნიკალურ, ერთიან კომპლექსს ქმნიდა.

პროექტი დაედება საფუძვლად გახდება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებას, რომელსაც წყალტუბოს თვითმმართველობის ინიციატივით, ეკონომიკის სამინისტრო შეიმუშავებს.

გენერალური გეგმის ახალი დოკუმენტი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილ პოტენციალს დაეყრდნობა. ინვენტარიზაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში 14 მონუმენტურ ნაგებობაზე უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათები სათანადო ინფორმაციითა და ფოტო-ვიზუალური მასალით, რაც შემდგომში შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესის ბაზისი გახდება. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პროცედურების გავლას სააგენტო უახლოეს 2 თვის განმავლობაში გეგმავს.

კურორტი წყალტუბოს შენება 1926 წ. დაიწყო. 1936 წ. განაშენიანების პირველი პროექტი შედგა, 1950-51 წლებში კი შემუშავდა გენერალური გეგმა.

გენ. გეგმა წრიულობის პრინციპზე იყო აგებული და დაყოფილი იყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. ამ დაგეგმარებით ქალაქის ცენტრალური ნაწილია სამკურნალო წყაროების ტერიტორია, რომელიც გამოიყო დანარჩენი ნაწილისგან და გაკეთდა პარკი. ამავე პარკში მოეწყო 9 აბაზანა. პარკის ირგვლივ კი დაიგეგმა და სხვადასხვა პერიოდში აშენდა 18 სანატორიუმი, რომლებიც ამ ქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით დაპროექტდა. ამ სანატორიუმებიდან XX ს. ბოლოს ერთი ნაწილი დაინგრა, მეორე ნაწილი კი გაპარტახდა და თავისი მახასიათებლები დაკარგა.

სანატორიუმების უდიდეს ნაწილში დღეს აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. შენობების ინტერიერი თითქმის სრულადაა გადაკეთებული. მიუხედავად ცვლილებებისა, ნაგებობების ფასადებს, დღემდე აქვთ შენარჩუნებული ძირითადი მახასიათებლები და რეაბილიტაციის შემთხვევაში სრულად დაიბრუნებენ თავდაპირველ იერსახეს. სანატორიუმების ერთი ნაწილი დღეს კერძო მფლობელობაშია, უდიდესი ნაწილი კი სახელმწიფოს ბალანსზე. წყალტუბოს „სტალინური“ ეპოქის შენობები კლასიკური არქიტექტურის სტილშია გადაწყვეტილი რომაული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმებით, რომელიც გამორჩეულია თავისი მონუმენტურობითა და მდიდრული მხატვრული დეკორით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

შენობათა მორთულობაში ხშირია ქართული დეკორატიული ელემენტები, უმრავლეს შემთხვევაში ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეკორი. ამ მახასიათებელებით წყალტუბოს „სტალინური“ პერიოდის არქიტექტურა წარმოადგენს კლასიკური არქიტექტურული ფორმებისა და ქართული ნაციონალური დეკორის სინთეზს, რაც მის უნიკალობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ნაგებობების ინტერიერებში გამოყენებულია ძირითადად მარმარილოს იმიტაცია. შენობების ფასადის ქვედა ნაწილი, როგორც წესი მოპირკეთებულია გრანიტის მასიური, ფლეთილი კვადრებით. ფასადები უხავდაა შემკული, კოლონადებითა და კამარებით, რაც მათ მიუხედავად მონუმენტური ზომებისა ჰაეროვნებას ანიჭებს. გარდა ამისა შენობებს გააჩნიათ ქართული დეკორის ან კლასიკური დეკორის ბალუსტრადებით შემკული ტერასები და აივნები. წყალტუბოს პარკები თავისი დაგეგმარებით, მცენარეული საფარითა და საინჟინრო ხელოვნების ნიმუშებით (ხიდები, საირიგაციო სისტემები) ასევე წარმოადგენს ერთიან უნიკალურ კულტურულ ძეგლს, რომელიც ამ ქალაქს განუმეორებელ იერსახეს უზრუნველყოფს.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.