ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ღონისძიებები გაიმართება თბილისში საახალწლოდ
13 დეკემბერი, 2017

თბილისის მერია თბილისელებსა და თბილისის სტუმრებისთვის საახალწლოდ 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.

კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ხუნწარიამ მედიის წარმომადგენლებს ახალი წლის გეგმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით თბილისი ნამდვილ საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ძირითად ღონისძიებებს სამი სხვადასხვა ლოკაცია უმასპინძლებს – გლდანი, ვარკეთილი და ძველი თბილისი. გალა-კონცერტი, რომლის რეჟისორებიც დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან სამ სცენას მოიცავს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს ქართული მანებით, სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით მოირთვება და 15 დეკემბერს აინთება.  ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა საციგურაო მოედანი, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება უფასო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას გორის ქალთა გუნდი,  ყველასათვის საყვარელი სიმღერით „შედრიკ“ გახსნის და, ასევე, მათთან ერთად იმღერებენ გორის, ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის ბავშვები, რომლებიც საახალწლო პოპურს შეასრულებენ.

გარდა ამისა, დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. აქვე იქნება კიდევ ერთი საციგურაო მოედანი და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. ტერიტორიაზე მოეწყობა სახელოსნოები, ატრაქციონები, სპორტული სივრცე, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი ყოველ დღე, 31 რიცხვის გარდა, 21:00-დან  00:00 საათამდე სხვადასხვა DJ-ები და არტისტები დაუკრავენ. გაიმართება საბავშვო კონცერტები და განთავსება კვებითი ობიექტებიც.

წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩაერთვება კერძო სექტორიც. ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სკვერისა და პარკის მორთვაში მონაწილეობას კერძო კომპანიები მიიღებენ. გარდა ამისა დედაქალაქის ათივე რაიონში საახალწლო განწყობის შექმნაზე გამგეობები იზრუნებენ.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.