საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების თაობაზე კანონმდებლობაში ცვლილებები შევა. პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარების თაობაზე თბილისის მერმა მიმართა.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიესალმება და არაფერი აქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოშჩამოსვლასთან დაკავშირებით და აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა ან მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებთან.
„პარლამენტში ცვლილებები უკვე განიხილეს და მინდა პარლამენტარებს მივმართო, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ცვლილებები. გვინდა, რომ 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნეს 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, ბინადრობის უფლებას დაკარგავს. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის თქმით, არსებული კანონმდებლობით ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის უძრავი ქონება, თუმცა კანონში ხარვეზია. „ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ბინას ყიდულობს, შემდეგ სხვა პიროვნებებზე ფიქტიურად გადააფორმებს და ისინიც ანალოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას. ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე 300 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, მას განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება ენიჭება, რაც შეიცვლება.
„ჩვენი ინიციატივაა, რომ 300 ათასი ლარი 300 ათასი დოლარით, ხოლო მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ბინადრობის უფლებით შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
www.travelingeorgia.ge