საქართველოდან კანადაში ქვევრები გაიგზავნა. 55 ცალი ქვევრი ვანკუვერში განთავსდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კანადაში რესტორნის მეპატრონე პასკალ როის საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა.
ქვევრები დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა.

ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. პასკალ როი პირველ ეტაპზე ქვევრებში ადგილობრივი ჯიშის ყურძენს დაწურავს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.
პასკალ როი გასული წლის შემოდგომაზე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. მას კახეთში ღვინის კომპანიამ „მარანი მილორაული“ უმასპინძლა, სადაც კანადელმა სტუმარმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში აწარმოებენ.
www.travelingeorgia.ge