ქუთაისში სკვერების მდგომარეობას შეისწავლიან, ამ მიზნით ქუთაისის მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელიც ქალაქის საკუთრებაში არსებული სკვერების მდგომარეობას შეისწავლის.
კომისიის წევრები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან. კომისიის შექმნის აუცილებლობა, სკვერების აღნაგობის უფლებით გაცემამ და ადგილზე მშენებლობების წარმოებისთვის გაცემულმა ნებართვებითაა გამოწვეული.
კომისია მოამზადებს დასკვნას ქალაქში არსებული სკვერის რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
"კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში სადაც ეკოლოგია არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაშია სკვერები გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა, სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
www.travelingeorgia.ge