ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუნიციპალური უწყებებისთვის სპეციალური სწავლება დაიწყო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქუთაისში უძრავი და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმერეთის რეგიონის ცალკეული მუნიციპალური უწყებებისთვის სპეციალიზირებული სწავლება დაიწყო.
ტრენინგები ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
სწავლების სპეციალიზირებულ კურსს ამ ეტაპზე ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალური უწყებების თანამშრომლები და ქუთაისში განთავსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამუზეუმო გაერთიანებების წარმომადგენლები გადიან.
სწავლებაში სააგენტოს ექსპერტ-ტრენერების სახით ურბანისტიკის, არქიტექტურის, არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დარგების წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების ექსპერტები, GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) სპეციალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები მონაწილეობენ.
კურსის ფარგლებში განიხილება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დოკუმენტირება; ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და ქალაქის დამცავი ზონების დადგენის საკანონმდებლო საფუძვლები და შემადგენლობა; კულტურული მემკვიდრეობის GIS პორტალი; რეგიონებიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის რესურსების შესახებ მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის განთავსება და სხვა.
სწავლება 18 ივნისიდან დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
www.travelingeorgia.ge