ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული Sunwine პერსონალური ეტიკეტით – „მომხმარებელი ღვინოს ჯერ ვიზუალურად აფასებს, შემდეგ აგემოვნებს“
29 სექტემბერი, 2017

ღვინის მწარმოებელი კომპანია Sunwine ბაზარზე წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა და ის უმაღლესი ხარისხის ღვინოს უძველესი მეთოდებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს. მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა მეღვინე, 24 წლის ზურა მზექალაშვილია. ღვინის ქარხანა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარეობს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ელენე სხირტლაძემ განუცხადა, Sunwine-მა რამდენიმე სახის განვითარების ეტაპი გაიარა და ღვინის ბაზარზე ამჟამად თავს წარმატებულად იმკვიდრებს.

კომპანიას ყვარელში ვენახები აქვს და სხვადასხვა ჯიშის ღვინოს აწარმოებს: საფერავს, ქინძმარაულს, მუკუზანს, ფიროსმანს, ალაზნის ველს, კაბერნეს, კახურ მწვანეს და რქაწითელს.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ინდივიდუალური ეტიკეტის წითელი ღვინო 25 ლარი  ღირს, ხოლო თეთრი 20 ლარი. თიხის ჩამოსხმაში წითელი ღვინის ფასი კი 17 ლარია.

Sunwine ორ თვეში ღვინის ექსპორტზე გატანას: ჩინეთში, ბელარუსსა და რუსეთში აპირებს, ამჟამად ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 2018 წლისთვის კი კომპანია მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

width=510

 

„ბაზარზე წელიწადნახევრის წინ შემოვედით, თუმცა ბოთლის ღვინოების წარმოება რამდენიმე თვეა განვავითარეთ. კერძოდ, თავდაპირველად ღვინოს, სპეციალურ 3-5 ლიტრიან ჭურჭელში ვუშვებდით. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია განვითარდა და მას უკვე მეტი რესურსი აქვს. აღსანიშნავია ის, რომ ბაზარზე ბოთლის ღვინო მეტად მოთხოვნადია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად პრემიუმ კლასის ღვინოს ვაწარმოებთ.

Sunwine-ს ქარხანა მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. კახეთის მიკროკლიმატი და განსაკუთრებული ნიადაგი საუკეთსო ჯიშის ყურძნის მოყვანისა და საუცხოო ღვინის დამზადების საშუალებას იძლევა”, - განმარტა სხირტლაძემ.

როგორც Sunwine-ს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, ისინი გარდა ეტიკეტირებული ღვინისა, თიხის შესაფუთ ღვინოსაც აწარმოებენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მომხმარებლის მხრიდან ძირითადად მოთხოვნა მაინც ინდივიდუალურ ეტიკეტირებულ ღვინოზეა.

 width=506

ელენე სხირტლაძე ჩვენთან ღვინის ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქ მთავარი ხარისხია და სხვა კომპანიებისგან Sunwine-ს სწორედ ეს გამოარჩევს.

„კონკურენცია ბაზარზე დიდია. ჩვენ შემთხვევაში ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს და ძირითად აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ. ასევე მნიშვნელოვანია, შეფუთვა და ეტიკეტი, რადგან მომხმარებელი ღვინოს თავდაპირველად ვიზუალურად აფასებს, ხოლო მისი დაგემოვნება შემდგომი პროცესია“, - აღნიშნა ელენე სხირტლაძემ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.