ქართული ღვინის კომპანიები კვების პროდუქტებისა და სასმელების 43-ე საერთაშორისო გამოფენაში FOODEX JAPAN 2018 მონაწილეობენ. გამოფენა ტოკიოში უკვე 2 დღეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაზე 10 ღვინის კომპანიაა წარდგენილი - “მეღვინეობა ვაზიანი”, “მარანული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია”, “შატო ნეკრესი”, შპს “ქინძმარაული”, “სარაჯიშვილი”, შპს “ალავერდი”, “ქიმერიონი”, “მოსმიერი” და “ჩელთი”.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლევან ცინცაძე დაესწრო.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-პრეზენტაცია გაიმართა. სემინარს ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის იაპონიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი სატორუ მორი.
პრეზენტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩოლობარგიას თქმით, იაპონელი ღვინის ექსპერტები დიდ ინტერესს გამოხატავენ ქართული ღვინით, განსაკუთრებით - ქვევრის ღვინით.
„იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას„ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-თებერვალში იაპონიაში ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 213%-ით არის გაზრდილი (44 292 ბოთლი)
FOODEX JAPAN 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე 80 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.
www.travelingeorgia.ge