ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის ბენეფისი კოპენჰაგენში
24 აპრილი, 2018

ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ყოველწლიურ ღვინის გამოფენაზე Copenhagen Wine Fair წელს პირველად წარსდგა. 

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა გიგი გიგიაძემ ქართული ღვინის კულტურაზე და დანიაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოება-დივერსიფიკაციას.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციაც მოეწყო. გაიმართა ასევე სემინარი დანიაში ღვინის იმპორტის სპეციფიკის თაობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.



ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების („მეღვინეობა ვაზიანი“, „ბრუალე/ქაპ ჯორჯია“, „მოსმიერი“ და „წინანდლის ძველი მარანი“) 15 სახეობის პროდუქცია.

გამოფენაში სულ 25-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, რომელთა დიდი ნაწილი იყო იტალიდან და საფრანგეთიდან, ღვინის მწარმოებლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. 

გამოფენას 200-მდე მცირე და საშუალო იმპორტიორი ეწვია.

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში გასული წლის ბოლოს ღვინის იმპორტიორი კომპანიის The Easy Company Aps მფლობელსა და დანიიის ღვინის იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სვენდ ლეთ მულერს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო დანიაში ქართული ღვინის შეტანის შესაძლებლობები და ღვინის ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის პირობები, რის შემდეგაც დაიგეგმა ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაში, რათა ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი დანიის საექსპორტო ბაზარზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.