ქართული დიასპორისთვის ქართული პროდუქციის შესაძენად ონლაინ-მაღაზია WWW.SARADJISHVILI.COM ამოქმედდა
ქართული დიასპორისთვის ქართული პროდუქციის შესაძენად სპეციალური ონლაინ-მაღაზიის ვებ-გვერდი
www.saradjishvili.com-შეიქმნა.
ამის შესახებ bm.ge-ის ინფორმაცია ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მიაწოდა. მათი ინფორმაციით, ევროპის ტერიტრიაზე გაყიდვა-მიწოდება საბერძნეთის რესპუბლიკიდან დაიწყება, სადაც ყველაზე პესიმისტური შეფასებით, დღეს საქართველოს 80 000 მოქალაქე ცხოვრობს. “საბერძნეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს და მუშაობს დაახლოებით, 15 000 საქართველოდან რეპატრირებული ბერძენი (ე.წ. პონტიელი ბერძნები) და 50 000 ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე, რომელთათვისაც ქართული პროდუქცია კარგადაა ცნობილი”, – აცხადებენ ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ქართული პროდუქციის დისტანციურად საცალო გაყიდვა დიასპორაში ელექტრონული ვაჭრობის პრინციპის მიხედვით მოხდება.
“ამ მიზნით, შეიქმნა ონლაინ-მაღაზიის ვებ-გვერდი www.saradjishvili.com, რომლის მეშვეობითაც, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ აირჩიონ, შეიძინონ და ადგილზე მიიღონ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოდან, ამანათის სახით. ამჟამად, მიმდინარეობს ქართველი მწარმოებლების პროდუქციის უფასოდ განთავსება ონლაინ-მაღაზიაში. ამასთან ერთად, პროდუქციის გატანასთან ერთად, საექსპორტო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, დამატებით მოხდება ერთიანი სავაჭრო ბრენდის შექმნა – Saradjishvili Trade House. ერთიანი სავაჭრო ბრენდის ქვეშ მოეწყობა სავაჭრო სახლები, რომლის საგამოფენო დარბაზებში (showroom) მოხდება თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის დათვალიერება, დეგუსტაცია და გაყიდვა. სახლები ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქებში (ქართული დიასპორის სიდიდის მიხედვით) გაიხსნება“, – აცხადებენ ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე ევროპაში მცხოვრები ქართველების მიერ ონლაინ-მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის ადგილზე ტრანსპორტირებასა და განბაჟების საკითხებს პროექტის მმართველი კომპანია „სარაჯიშვილის სავაჭრო-სამრეწველო სახლი“ უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ: პროექტი ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ ერთობლივად ხორციელდება.