პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე, ჯარიმები გაიზარდება
პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე, ჯარიმის ოდენობა, შესაძლოა გაიზარდოს.
კახა კალაძის თქმით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება.
„არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირად, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებით და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა კალაძემ.
www.travelingeorgia.ge