ორბელიანის მოედანზე 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის აშენება იგეგმება
გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სარდაფების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები, შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი და დაზიანებული შენობების გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, ხდება ნაძერწი დეტალებისა და ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია.
თბილისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩატარებული.
„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ძველი თბილისი არის სიმდიდრე, რომელიც ქალაქს გააჩნია და შესაბამისად, მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა სჭირდება. სამწუხაროდ, ქალაქში უამრავი ავარიული შენობა გვაქვს. ვეცდებით, ეტაპობრივად, ყველა უბანში შევიდეთ და ის სიმდიდრე გავალამაზოთ, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ მიმართულებით, მუშაობა უკვე დაწყებულია. ასევე განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.
გასული წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა.
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 60 მილიონი ლარია. სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
www.travelingeorgia.ge