ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ონში მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ჩანაწერები ტაძარზე
17 ოქტომბერი, 2018

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მრავალძალში XI ს. (გადაკეთებული 1894 წ.) მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მრავალძალის ეკლესიას ვახუშტი ბატონიშვილი ასე ახასიათებს: ,,... ბარის წყალს ზეით არს მთაში მრავალძალს ეკლესია წმიდის გიორგისა და ჯუარი დიდი ოქროსი, სასწაულთმოქმედი. ამას შესწირა ა˜ შააბაზ ხრმალი ოქროთ მოოჭვილი, აწცა ძეს მუნ, არათუ სარწმუნოებბით, არამედ სცნან, რამეთუ ხრმალი მისი ჰკიდავს მუნ.“.1 ამ ეკლესიის შესახებ მცირეოდენ ცნობებს ვხვდებით ასევე გერმანელი მეცნიერის გიულდენშტედტის ნაშრომში. ,,მრავალძალში არის ქვის პატარა ეკლესია მიძღვნილი წმინდა გიორგისადმი, რომელმაც სოფელი უნდა დაიცვას მტრის ყველა შემოსევისაგან."

დიმიტრი ბაქრაძემ 1860 წელს ინახულა მრავალძალი და ეკლეიასთან დაკავშირებით დასძენს, რომ იგი არის თლილი ქვით ნაგები და აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან ქვაზე კვეთილობით შემკული. ინტერიერში მას უნახავს ფრესკული მხატვრობა, მათ შორის, მეფე დიოკლეტიანესაგან წმინდა გიორგის წამება. ეკლესიის სახურავის ქვემოთ დასავლეთის მხარეს მიუთითებს ხბოს თავის გამოსახულებას, ხოლო, ჩრდილოეთით- ლომის თავისას.

ექვთიმე თაყაიშვილმა მრავალძალის ეკლესია 1920 წელს აღწერა. მისი დახასიათებით ,,მრავალძალის ძველი ეკლესია ყოფილა პატარა, თლილი ქვით ნაშენი და ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული“. ავტორი მიუთითებს, რომ ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დაუტოვებიათ ხელუხლებლად და ახალი ეკლესია, რომელიც 1894 წელს დაუმთავრებიათ ჯვრული გეგმისა და გუმბათიანი ყოფილა, რომლისთვისაც დასავლეთით სამრეკლო მიუშენებიათ.

1991 წელს რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მრავალი ძეგლი მათ შორის მრავალძალის ეკლესია სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული კულტურული მემკვიდრეობის ზიანის გასაშუქებლად გამოიცა წიგნი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია მრავალძალის ეკლესიის X-XI სს. მიჯნის აღმოსავლეთის კედლის საფასადო შემკულობაზეც.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.