ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ვენაში, ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის ოქტომბრიდან უმასპინძლებს.
გამოფენის დეტალები განიხილა თბილისის მერმა კახა კალაძე მონაკოს მერ, ჟორჟ მარსანსა და ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, გამოფენის ორგანიზატორებს საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი. “ნიკო ფიროსმანის 100 წლის იუბილეა. ამიტომაც, მონაკოს დელეგაციასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. მათი თაოსნობით, ფოროსმანის გამოფენა თავდაპირველად, ალბერტინას მუზეუმში იგეგმება, შემდეგ, მსოფლიოს ძალიან ბევრს ქალაქს მოივლის და ტოკიოში დასრულდება. ისინი ახალი ხედვით უყურებენ ფიროსმანს და საკმაოდ საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მონაკოს მერიასთან ერთად, ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელებას შეძლებს“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლის ედრიან ბარსენის თქმით, მათი მიზანია, მსოფლიოს ნიკო ფიროსმანი და ქართული კულტურული მემკვიდრეობა გააცნონ. „გვსურს, ნიკო ფიროსმანის შესანიშნავი ნახატები მსოფლიოს გავაცნოთ“, - განაცხადა ედრიან ბარსენმა.
გამოფენა, რომელიც 2019 წლის იანვრამდე გაგრძელდება, სტარტს ვენაში აიღებს და ტოკიოში დასრულდება.
www.travelingeorgia.ge