კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, გრემის ციხის მახლობლად „კორტავების მარანი“ მდებარეობს. წარმოება მცირეა, მაგრამ მარნის ღვინოებს უცხოელი და ქართველი ღვინის ერთგული მომხმარებელი უკვე ჰყავს.
როგორც „კორტავების მარნის“ წარმომადგენელი თამუნა ბიძინაშვილი Travelingeorgia-სთან აღნიშნავს, წარმოება მცირეა და მხოლოდ 2 000-დან 5 000-მდე ბოთლს მოიცავს. წარმოებული ღვინოები ექსპორტზე საფრანგეთში, დანიასა და აშშ-ში გადის.

მარანი 2014 წელს დაარსდა, სხვადასხვა ჯიშის ვენახი 2 ჰექტარზე გაშენდა, ერთ-ერთ მონაკვეთზე გაშენებულია საკოლექციო ყურძნის ჯიშებიც. „კორტავების მარანს“ საკუთარი მარანიც აქვს და ღვინოები მხოლოდ ნატურალურია.
”ვენახს ვუვლით ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით, ასევე ღვინოც ყოველგვარი დანამატის გარეშეა ქვევრში დაწურული და დავარგებული. მარნის იდეა განაპირობა ჩვენი ოჯახის მეღვინეობასთან მჭიდრო კავშირმა ,“ - ამბობს თამუნა ბიძინაშვლი.
იქ სადაც „კორტავების მარანია“ მაღალხარისხიანი ღვინოების წარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ზონად (ქინძმარაულის ზონა) მიიჩნევა.

„კორტავების მარნისადმი“ ტურისტების ინტერესი დიდია, განსაკუთრებით მათი მხრიდან ვინც დაინტერესებულია ორგანული მეღვინეობით. “უხარიათ პირადად მეღვინესთან შეხვედრა-დეგუსტაცია, საუბარი მათთვის საინტერესო დეტალებზე . ამ ეტაპზე დიდი სიამოვნებით ვიღებთ სტუმრებს და ვცდილობთ ვასიამოვნოთ ჩვენი ღვინით და მასპინძლობით“, - განმარტავს თამუნა ბიძინაშვილი.
„კორტავების მარანში“ ღვინო ყენდება დამხმარე პრეპარატის გარეშე, კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში ან ევროპული მეთოდით ქვევრში და მუხის კასრებში. ამ დროისთვის 3 ტიპის ღვინოა: თეთრი მშრალი – რქაწითელი; თეთრი მშრალი –კახური მწვანე; წითელი მშრალი–საფერავი.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge