„სწორედ ასეთი წარმომედგინა საბჭოთა კავშირი – ბნელი და ბინძური და ის მე ბათუმის ავტოსადგურში ვნახე“ – გერმანელი ტურისტი
28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის წევრი აღარაა. 28 წელია, რაც ქვეყნა ვითარდება ევროპული ღირებულებების მიმართულებით – ამის კარგი მაგალითია ბათუმი, სადაც მიუხედავად პრობლემებისა, უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროა გახსნილი, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, ტურისტებისთვის შექმნილია გარემო, რითაც ბათუმი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს. თუმცა, 28 წელის შემდეგაც NDI-ს კვლევის მიხედვით საქართველოში გამოკითხულთა 39 %-ს საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია აქვს. ის ადამიანები ვისაც ენატრება „იდეალიზებული“ საბჭოთა კავშირი აუცილებლად უნდა ესტუმრონ ბათუმის საქალაქთაშორისო ავტოსადგურს, სადაც დღემდე დგას სსრკ სახელმწიფო სიმბოლიკის მთავარი და განუყოფელი ნაწილის -ნამგალი და უროს მონუმენტი (მართალია კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ აქ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს)და რაც მთავრია, განწყობაც და ინფრასტრუქტურაც სწორედ იმ პერიოდშია ჩარჩენილი.

აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნაგავი ყრია, სწორედ ამიტომ ტერიტორიაზე აუტანელი სუნია, რის გამოც დიდი ხნით გაჩერება შეუძლებელია. კედლები ნესტისგან დაობებული და ჩამონგრეულია, დალეწილია კედლები და ფანჯრები. შენობაში მზიან ამინდშიც კი ჭერიდან წყალი წვეთავს და მგზავრს გაჩერების საშუალებას არ აძლევს.
ქაოსში გარკვევას ცდილობს 32 წლის ჰანა. ის საქართველოში გერმანიიდან ჩამოვიდა. ტურისტმა დაათვალიერა კახეთი, სვანეთი, რაჭა და ქვემო ქართლი. მისი ბოლო გაჩერება აჭარაა. ადამიანებით, ბუნებით, არქიტექტურით და სამზარეულოთი აღრფთოვანებული ახალგაზრდა ქალი დაბნეული ცდილობს გაარკვიოს როგორ მოხვდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში.

„საქართველოს შესახებ ვიცოდი, რომ წლების წინ საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო, თუმცა 10 დღის განმავლობაში ეს მე ვერ შევამჩნიე. ძალიან ბევრი კარგი ადგილი ვნახე, აღფრთოვანებული და შეყვარებული ვარ ამ ქვეყნაზე, მაგრამ რაც აქ ხდება ეს საშინელებაა. ყველგან ტუალეტის სუნი დგას, სწორედ ასეთი წარმომედგინა საბჭოთა კავშირი – ბნელი და ბინძური და ის მე ბათუმის ავტოსადგურში ვნახე. აქ გაჩერება შეუძლებელია ნახევარი საათში ჩემი სამარშუტო ტაქსი გადის და სად დაველოდო ისიც კი არ ვიცი. საკვები ობიექტებიც კი საშინლად გამოიყურება. იმედი მაქვს, აქ არსებული ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება, რადგან ეს ადგილი დღეს ბათუმის სირცხვილია.

საქალაქთაშორისო ავტოსადგურის 31 პროცენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ეკუთვნის.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გეგმები აქვს სახელმწიფო უწყებას ავტოსადგურთან დაკავშირებით. სამინისტროს პრესამსახურმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. განგვიცხადეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე არიან და საუბარს ამ ეტაპზე ვერ შეძლებდნენ, თუმცა, შემდეგ პრესსამსახურმა ტელეფონი გამორთო.

ამ თემაზე “კომერსანტი“ ადრეც წერდა. მაშინ უწყებაში აცხადებდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის ეფექტურად განვითარება, თუმცა, ერთი წლის შემდეგაც ბათუმის ავტოსადგურში ვითარება მხოლოდ გაუარესდა.

ტერიტორიაზე ერთი წლის წინანდელი სურათი რომ არ შეცვლილა, ადასტურებს ბათუმის საქალაქთაშორისო ავტოსადგურის დირექტორი ზაურ სოლომონიძეც. მისი თქმით, ინვესტორის მოძიებაზე ამ დრომდე მუშაობენ, თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ავტოსადგურში წილი აქვს, ინვესტორები თანხის ჩადებაზე უარს ამბობენ.

ბათუმის ავტოსადგურის მოვლა-პატრონობის შესაძლებლობა და სურვილი არც სახელმწიფოს აქვს და არც კერძო მფლობელს, პასუხიმგებლობას გაურბის ყველა. როგორც ჩანს, ბათუმის დანგრეული და ბინძური ავტოსადგური ჩვენი გერმანელი ტურისტის მსგავსად, კიდევ ბევრ ვიზიტორს დაამახსოვრდება.

Commersant.ge