2018 წლის აპრილში თბილისში სტარტი აიღო ახალმა მუსიკალურმა პროექტმა ტურისტებისთვის, რომელსაც ,,Sounds of Georgia/Звуки Грузии/საქართველოს ჰანგები“ ეწოდება.
ეს არის უნიკალური საკონცერტო ფორმატი - პატარა (მინი) კონცერტები ძველი ქალაქის მყუდრო გარემოში. იგი გათვლილია ტურისტებისთვის და ტრადიციული ქართული მუსიკის მიქსია (mix), რომელშიც სხვადასხვა ჟანრის სიმღერებია თავმოყრილი: ფოლკლორი, აკაპელა, გიტარის თანხლებით შესრულებული როგორც ცნობილი, ასევე ახალი ქართული საესტრადო სიმღერები - სულ 10-12 ნომერი. კონცერტის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-35 წუთია.
როგორ, როდის ან რატომ გაჩნდა ეს იდეა?
მოგეხსენებათ, ქართული მუსიკა ჩვენი ეროვნული კულტურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, როგორც ტურიზმის სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები სათანადოდ ვერ კმაყოფილდებიან.
მართალია, ქართული მუსიკალური პროდუქტი სხვადასხვა ფორმით არსებობს, მაგალითად საღამოს პროგრამა რესტორნებში, რომელიც, უმეტესწილად, ხმაურიანია და სტუმრებს ერთმანეთთან საუბრის საშუალებას არ აძლევს. არსებობს თეატრი „ნაბადი“, ძალიან კარგი ფოლკლორული პროგრამით, მაგრამ მათი სპექტაკლები რეგულარულად არ ტარდება. საჭიროა, რომ ტურისტმა (ან ტურისტულ ფირმამ) წინასწარ დაგეგმოს ეს კონცერტი და შეიტანოს ტურში ან, უმჯობესია, ტურისტს ჰქონდეს საშუალება ქალაქში სეირნობისას შეიაროს კონცერტზე.
საქართველოში ტარდება ფესტივალები, მაგრამ ისინი კონკრეტულ დროს იწყება და მთავრდება. ამით ის გვინდა ვთქვათ,რომ ტურისტი ან მოხვდება ამ ფესტივალზე, ან - ვერა. მიგვაჩნია, რომ პროგრამა ,,Check in Georgia“, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, საინტერესოა, მაგრამ კონცერტებზე, სადაც ათასობით მაყურებელი გროვდება, გამოდიან ან მოწვეული უცხოელი შემსრულებლები ან ჩვენი ვარსკვლავები.
ჩვენი პროექტი ,,Sounds of Georgia“ კი მიზნად ისახავს პატარა, ,,საყვარლად
მყუდრო“ ფორმატში ვუჩვენოთ საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს, რაოდენ საინტერესო და მდიდარია ჩვენი მუსიკალური მემკვიდრეობა.
სად ჩატარდება ეს კონცერტები?
თბილისში ჩამოსულ ტურისტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სასურველი ადგილი (ვენიუ) და დატკბნენ საქართველოს ჰანგებით.
ეს იქნება ღვინის ბარი „ახალ ტფილისში“ (აღმაშენებლის გამზირზე), ერთ-ერთი სასტუმროს სათვალიერებელი ბაქანი ძველ თბილისში, თავისი თავბრუდამხვევი ხედებით, სადაც შეუდარებელი კადრები გამოგვივა და ბოლოს, ჩვენთვის პრიორიტეტული ადგილი - თბილისური „იტალიური“ ეზო, რომელიც ჩვენს ქალაქს განუმეორებელ უპირატესობას ანიჭებს თავისი ხიბლითა და სახლში დამზადებული ნუგბარითურთ.
ყველა მოედანზე ადგილების განსაზღვრული რაოდენობაა, სულ 20. სტუმრები სხედან გასაშლელ სკამებზე, რადგანაც საკონცერტო სივრცის ორგანიზება 30-35 წუთით ხდება და ლაგდება კონცერტის შემდეგ.
ვინ არია ჩვენი მომღერლები?
,,Sounds of Georgia“-ს პროექტისთვის იმღერებენ უცნობი, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებიც საგანგებოდ შეირჩევიან. ახლა გვეხმარებიან ცნობილი ანსამბლების სოლისტები და მუსიკალური ექსპერტები.
საბოლოო ჯამში, გვინდა შევქმნათ სისტემა (ვებ-გვერდი), რომლის მეშვეობითაც პოტენციალური შემსრულებელი, ერთგვარი შერჩევითი პროცესის გავლისა და ჩვენი ექსპერტისაგან სიმღერის შესრულებაზე ნებართვის მიღების შემდეგ, დამოუკიდებლად შევა საიტზე, თვითონ დაგეგმავს საკუთარ გამოსვლას და სიმღერის შესასრულებლად შეარჩევს იმ დროსა და ადგილს, რომელიც თავად აწყობს. ე.ი. კონცერტი ავტომატურად შეივსება ნომრებითა და შემსრულებლებით. ეს სისტემა (ვებ-გვერდი) რამდენიმე თვეში იქნება მზად. წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარება ეს ახალგაზრდა მუსიკოსებს, მუსიკალური სასწავლებლებისა თუ სკოლების სტუდენტებს, იქნებ სულაც ქუჩის მუსიკოსები დაინტერესდნენ ამით და თავიანთ ჰიტები წარმოადგინონ ჩვენს მოედანზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენი პროექტი ახალ სამუშაო ადგილებსაც ქმნის.
ჩვენ ვთვლით, რომ პროექტი, ტურიზმისა და მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ტრადიციული ქართული მუსიკის პოპულარიზაციასაც ემსახურება,
ვინ და როგორ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესახებ?
ვიმედოვნებთ, რომ საქართვველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს ამ სტარტაპს, თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს ტურისტული ორგანიზაციებისა და ყველა დაინეტერესებული ჯგუფებისათვის. ვთვლით, რომ ამით ასევე უნდა დაინტერესდნენ ტურიზმის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვანი ასოციაციები (საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს გიდების ასოცოაცია, საქართველოს ტურიზმის განვითარების ასოციაცია, ტურიზმის ცენტრი და ის დაწესებულებები, რომლებიც ასწავლიან ან ტრენინგს უტარებენ ტურიზმის სფეროს კადრებს ). კარგი იქნება, თუ რადიოსა და ტელევიზიის პროფილურ გადაცემებშიც ისაუბრებენ ამის შესახებ, რადგანაც მთავარი ,,კლიენტი“ - ტურისტი, ტურისტული კომპანიებთან ერთად, მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებითაც იქნება ინფორმირებული.
სად შეიძლება ბილეთების შეძენა და კონცერტის ჩასატარებელი ადგილმდებარეობის გაგება?
დღეს ბილეთების შეძენა შესაძლებელია bilitebi.ge-ზე, ან ადგილზე, ეზოში (თუ თავისუფალი ადგილები იქნება) საკასო აპარატით, ბილეთის ღირებულება 23 ლარია.
აპრილისა და მაისის თვის ღონისძიებების ანონსის ნახვა შესაძლებელია „Sounds of Georgia / Звуки Грузии/ საქართველოს ჰანგების“ ფეისბუქ გვერდზე. მოგვიანებით კი შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი - აფიშა.
დარწმუნებულები ვართ, ,,Sounds of Georgia“ სულ მოკლე ხანში წარმატებული და ცნობილი პროექტი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბითაც. რა თქმა უნდა, ხელს არავინ შეგვიშლის, რომ ეს პროექტი სხვა ქალაქებშიც განვახორციელოთ, ამისათვის აქტიური თანამშრომლები (მომღერლები, კოორდინატორები, hot line ...) და გარკვეული დრო გვესაჭიროება.
კითხვებზე პასუხობდა
ნანა ტაბიძე, СTS ასისტენტ პროფესორი, კომპანია „ლინატა“-ს მფლობელი
(თარჯიმანი იზა ლაკირბაია)
www.travelingeorgia.ge