ბაკურიანში 2019 წლის ზამთრის სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნა.
როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ყვებიან, კურორტი დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის, თუმცა თავად დამსვენებლების ნაწილი კურორტზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
Bm.ge-თან საუბრისას ბაკურიანის ერთ-ერთი დამსვენებელი ნინო მენთეშაშვილი (კომპანია TNT-ის დირექტორი) აცხადებს, რომ კურორტს 24 საათის განმავლობაში ადგილზე ტრავმატოლოგი არ ჰყავს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით დაბა განსაკუთრებით მოუწესრიგებელია, ადგილზე არსებულ ჰოსპიტალში კი, ტრავმატოლოგის არყოფნის გამო დამსვენებლები სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხაშურში ჩადიან.
“ბაკურიანში რომ ჩახვიდეთ, უფრო ომის შემდგომ პერიოდს მოგაგონებთ, ვიდრე – თანამედროვე სამთო კურორტს. ამ შემთხვევაში, ძალიან კრიტიკულია უექიმობა. წარმოიდგინეთ, ტრავმატოლოგი არ ჰყავთ. ბევრს არ სჯერა ამას რომ ვეუბნები. 112-ს მიჰყავხარ ბაკურიანში არსებულ კლინიკამდე, სადაც გიღებენ რენტგენს, რომ შეამოწმონ მოტეხილია თუ არა და იქ მთავრდება მკურნალობა. მეტსაც გეტყვით, თქვენ თქვენი ხარჯით უნდა მოძებნოთ სხვა გზა და საშუალება, რომ დაზარალებული წაიყვანო ჯერ ბორჯომში, რომ იქნებ ექიმი იპოვო და მერე – ხაშურში“, – ამბობს ნინო მენთეშაშვილი.
თემის კომენტირებისთვის Bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს, კერძოდ, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებებს მართავს.
ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ როგორც – ბაკურიანში, ისე გუდაურში ტრავმატოლოგის საჭიროება არ არის.
ბოლქვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ რეფერალურ სამსახურს პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკაში მხოლოდ მძიმე დაზიანებების შემთხვევაში გადაჰყავს.
“შესაძლებელია იყო დღეები, როცა ადგილზე ტრავმატოლოგი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულს ტრავმატოლოგიურ მომსახურებას არ აღმოუჩენენ. იქ ადგილზე არც უნდა იყოს ტრავმატოლოგი, რადგან ეს არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი. ამ გრიფით მიდის კლინიკა და იმ კომპეტენციის ექიმს აქვს უფლება ამ სიტუაციების მართვა განახორციელოს – შეითავსოს როგორც ტრავმატოლოგის ფუნქცია, ისე მიიღოს მშობიარეც”, – აცხადებს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე.
მთის კურორტებზე მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში იმასაც აცხადებენ, რომ სეზონის დასრულებისთანავე კურორტებზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, რათა მათ საკურორტო სეზონებზე უფრო დიდი დატვირთვით შეძლონ მუშაობა.