მთავრობა თბილისსა და ბათუმში აეროპორტების გაფართოებას განიხილავს.
ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისი თქმით, იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება და შესაძლოა, ეს ბათუმის გარდა სხვა ლოკაციაზეც მოხდეს.
მინისტრმა თქვა ისიც, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მსჯელობენ თბილისის შემთხვევაშიც.
„იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება. იქნება ეს ბათუმი თუ სხვა ლოკაცია, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არის რამდენიმე იდეა და არის, რა თქმა უნდა, თბილისის არეალზეც ლაპარაკი. ეს იქნება კონკრეტულად თბილისის აეროპორტი თუ სხვა ლოკაცია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებაზე ცოტა ხნის წინ ქობულიამ ასეთი განცხადება გააკეთა:
“როცა ვუყურებთ ავიაციას, როგორც ტრანსპორტის საშუალებას, ვხედავთ, რომ „გაიჭედა“ ჩვენი აეროპორტები. ჩვენ გვაქვს სასწაული ზრდა, მგზავრებისა და ტურიზმის გამო. გაიჭედა ბათუმის აეროპორტიც, თბილისის აეროპორტიც. ჩვენ ვასრულებთ ახლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას 2019 წელს, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და კოპიტნარი იქნება 4-ჯერ უფრო მძლავრი, ვიდრე იყო. თბილისსა და ბათუმზე ვფიქრობთ, როგორ გავშალოთ“.