ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მსოფლიო კულინარიული გიდი Gault Millau საქართველოში შემოდის
21 აგვისტო, 2017

ფრანგულ კატალოგს Gault & Millau (გუი & მიო) კულინარიის პროფესიონალები კარგად იცნობენ. კულინარიის გზამკვლევი 1965 წელს რესტორნის კრიტიკოსებმა Henri Gault და Christian Millau დააარსეს. კატალოგი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულების, ახალგაზრდა ტალანტებისა და ქვეყნის კულინარიული ისტორიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. მსოფლიო ბრენდი მალე საქართველოში შემოვა, - თემის დეტალებზე საქართველოში Gault&Millau-ის წარმომადგენელი თორნიკე ბახტურიძე საუბრობს. 

-საიდან გაჩნდა იდეა, რომ კულინარიის ე.წ. ყვითელი გზამკვლევი საქართველოში შემოსულიყო? 

-დღეს ყვითელი გზამკვლევი რესტორნების შეფასების აღიარებული, გავლენიანი და ავტორიტეტული გამოცემაა. ბრენდი უკვე 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. პირობითად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მასშტაბით არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ეროვნული სამზარეულო და მდიდარი კულინარიული ტრადიციები გააჩნიათ და არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც კულინარიული ტრადიციებით, თუ მაღალი დონის სამზარეულოთი შედარებით ნაკლებად გამოირჩევიან. საქართველო კულინარიულ ქვეყნად ითვლება, რომელსაც მდიდარი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, როგორც კულინარიის ასევე ღვინის კუთხით. ამას ხელს ქვეყნის მდებარეობაც უწყობს. ყველაფერი ეს კი განმაპირობებელი იყო იმისა თუ რატომ დაინტერესდა ფრანგული ბრენდი საქართველოთი. 

-რა სეგმენტზე იქნება გამოცემა გათვლილი?

-ზოგადად გამოცემა მოსახლეობის ყველა ფენაზეა გათვლილი, ვისაც კარგი და დახვეწილი საკვები უყვარს და პროფესიონალების სარესტორნო კრიტიკა აინტერესებს. ან უბრალოდ მათთვის, ვისაც აინტერესებს სად ჭამოს გემრიელად. 

-რომელ ქვეყნებს მოიცავს აღნიშნული ბრენდი და რა არის ქვეყანაში მისი არსებობის უპირატესობა?

- Gault&Millau წარმოდგენილია საფრანგეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, კანადაში, პოლონეთში, მაროკოში და სხვა. 

მიმდინარე წელს საქართველოსთან ერთად, ბრენდს შეუერთდა რუსეთი, ისრაელი, მალდივისა და ანტილიის კუნძულები. შემდეგ წელს დაგეგმილია ათამდე ახალი ქვეყნის ბრენდის ოჯახში გაწევრიანება. 

ზოგადად Gault & Millau არის ბრენდი, რომელიც არა კრიტიკაზე, არამედ რესტორნების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია ზოგადი კულინარიული დონის აწევა, კერძების ხარისხის და გემოს ახალ დონეზე გაყვანა და მათი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა. ამის ერთ-ერთი საშუალება კი რესტორნების ობიექტური შეფასება და საუკეთესო შეფ-მზარეულების გამოვლენაა. რესტორნების კვალიფიციური საექსპერტო შეფასების მეშვეობით, შეიქმნება გამჭვირვალობა მთელ სექტორში და გაიზრდება ჯანსაღი კონკურენცია, როგორც შეფ-მზარეულებს, ასევე, რესტორნებს შორის. 

-როგორი იქნება Gault & Millau-ის ქართული გამოცემა და როდის იგეგმება მისი პრეზენტაცია? 

ქართულ გამოცემაში წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საუკეთესო რესტორნები და ღვინოები, რომლებიც ბრენდის მიერ შეფასდება. შეფასება მრავალ კრიტერიუმს ითვალისწინებს, რომლის შედეგადაც ქულების მინიჭება ხდება. მხოლოდ ის რესტორნები, რომლებიც მიიღებენ ქულების ნახევარს და მეტს (10/20) ხვდებიან ჩვენს გზამკვლევში. სამწუხაროდ ასეთი რესტორნების რაოდენობა დღესდღეობით ძალიან ცოტაა. პრეზენტაცია 23 ოქტომბერს გაიმართება თბილისში. გახსნის ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებსაც დავაჯილდოვებთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალისტები და რესტორნების კრიტიკოსები ჩამოვლენ. Gault&Millau ყველა ქვეყანში ადგილობრივ ენაზე გამოიცემა, თუმცა საქართველოში იგი რამდენიმე ენოვანი იქნება. 

-როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს საქართველოს კულინარიის ე.წ. ყვითელი გზამკვლევი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

-აღნიშნული ბრენდის ოპერირება ხელს უწყობს მომსახურების სფეროს და კულინარიული სექტორის განვითარებას. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და კულინარია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რითიც შეიძლება ტურისტების მოზიდვა. ეს გზამკვლევი კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კულინარიული თვალსაზრისით გამორჩეული ობიექტების ხელშეწყობისა და მოტივაციისთვის. ძირითადი პრობლემა დღესდღეობით ის არის, რომ ქართული კულინარია გარკვეულწილად ერთფეროვანია და შედარებით ცოტაა ისეთი რესტორნები და შეფ-მზარეულები, რომლებსაც საკუთარი უნიკალური კერძი თუ ხელწერა გააჩნიათ. ქართული კულინარია თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს, რაც მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ არის ქართული სამზარეულო პოპულარული იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით მაღალი კონკურენცია და სტანდარტებია. ქართული რესტორნების უმეტესობა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ეს მარტო სერვისს თუ მსგავს კომპონენტებს არ ეხება, არამედ მომზადებული საჭმლის გემოვნურ თვისებებს, რასაც ბევრი უცხოელი აღნიშნავს. ამ შემთხვევაში პრობლემა უფრო მიდგომაშია ვიდრე პოტენციალის არ ქონაში. საქართველოში ხშირ შემთხვევაში რესტორანი არ ითვლება ისეთ ადგილად, სადაც სახლში მომზადებულ კერძებზე უკეთესი ან უფრო გემრიელი კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი, რაც ანომალიაა და სექტორის განვითარებას ხელს უშლის. 

-გამოდის, რომ Gault&Millau-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართული კულინარიის პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება? 

-ევროპის ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ გაიარა განვითარების გზა და დღეს იქ კულინარია ხელოვნების დონემდეა აყვანილი, ამაში კი დიდი როლი სწორედ პროფესიონალურმა კრიტიკამ შეასრულა. შეუძლებელია ინდივიდუალურმა მომხმარებელმა დააგემოვნოს თბილისის 500-600 რესტორანი იმის ასარჩევად თუ რომელ რესტორნებზე ღირს აქცენტის გაკეთება. კერძების ერთფეროვნების გამო ხდება ტრადიციული ქართული სამზარეულოს კრიტიკა. დღევანდელი რეალობით საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ღვინის სმის კულტურა. მოსახლეობა სვამს ან დაბალი ხარისხის ღვინოს, ან სხვა მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია კერძების და ღვინის შეხამების შესახებ. ასევე ყურადღება გამახვილდება ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციაზე, რომელიც უნიკალური და დიდი პოტენციალის მქონეა. მომავალი წლიდან, ვაპირებთ Gault&Millau ტურები დავიწყოთ, რაც საქართველოს რეგიონების კულინარიული პოტენციალის აღმოჩენას და კულინარიაში რევოლუციური პროცესებისთვის ბიძგის მიცემას გულისხმობს. გამოცემა საუკეთესო ქართულ რესტორნებსა და ღვინოებს მთელ მსოფლიოს წარუდგენს ჰარმონიზებული ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.