მოუწესრიგებელი შიდა გზები და წყლის პრობლემები - „ქართულ დავოსად“ წოდებული ბაკურიანი ისევ განვითარების მოლოდინშია
ბაკურიანი წლევანდელ სეზონსაც ძველი პრობლემებით შეხვდა. კურორტზე, რომელიც ხელისუფლების გეგმების თანახმად, უახლოეს წლებში „ქართულ დავოსად“ უნდა იქცეს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტებისთვის დასვენება ჯერ ისევ არაკომფორტულია. სასტუმროების წარმომადგენლების განცხადებით, ბაკურიანი წყლის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა, არ არის გასართობი ცენტრები. კერძო სექტორი კიდევ ერთ პრობლემად სამედიცინო დახმარების პუნქტს ასახელებს, აცხადებენ, რომ სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ის ბორჯომში გადაჰყავთ. რაც შეეხება კურორტზე გასართობი დაწესებულებებს, კერძო სექტორი ამ მიმართულებით კვლავ არ ინტერესდება.
„კომერსანტი“ რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ საკურორტო სეზონზე, აქტიურად ეხმაურებოდა ბაკურიანში არსებულ პრობლემებს და ხელისუფლებისგან ითხოვდა პასუხს კითხვებზე — როდის გახდებოდა ბაკურიანი დამსვენებლებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი და როდის მოგვარდებოდა კურორტზე არსებული პრობლემები? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო ის, რომ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაკურიანი ახალ სეზონს ძველის პრობლემებით შეხვდა.
როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბარისას აცხადებენ, მართალია, კურორტი ვითარდება, თუმცა ამისთვის გაცილებით სწრაფი ტემპებია საჭირო.
4house Bakuriani-ს მენეჯერის ნათია ლეჟავას განცხადებით, ბაკურიანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ლეჟავას თქმით, ბაკურიანის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებითაა საჭირო. 4house Bakuriani-ს მენეჯერი „კომერსანტთან“ საუბრისას კურორტზე არსებულ სხვადასხვა სახის მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ პრობლემაზეც საუბრობს.
„ბაკურიანში რომ ინფრასტრუქტურა ბოლომდე განვითარებული არ არის, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ამ მიმართულებით სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ეს უფრო სწრაფ ტემპებში მოხდება. შიდა გზების მოწყობის პრობლემაა, ასევე არ არის გასართობი ადგილები, სადაც ახალგაზრდობა დროს გაატარებს. ბაკურიანს მხოლოდ ერთი პარკი აქვს და ეს საკმარისი არ არის.
ბაკურიანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით სიახლეები მეტ შემოსავალს მოიტანდა და ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობდა ხელს. სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო. სპორტსმენების მხრიდან ბაკურიანზე დაინტერესება დიდია, თუმცა არ არის სპორტსკოლები და სტადიონები“, - განაცხადა ნათია ლეჟავამ.
4house Bakuriani-ს მენეჯერი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თემას მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების ამბულატორიების არარსებობას შეეხო. როგორც ლეჟავამ აღნიშნა, ამჟამად ბაკურიანში ასეთი მხოლოდ ერთი დაწესებულება და ის შესაბამისი ბაზით აღჭურვილი არ არის.
„ერთი ამბულატორია ბაკურიანს არ ყოფნის და ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა. ასევე, ექიმების შეზღუდული რაოდენობის პრობლემაც დგას. სერიოზული დაზიანების შემთვევაში პაციენტები ბორჯომში მიჰყავთ. აქ არ არის ის სამედიცინო ბაზა, რისი საშუალებითაც ადამიანი ელემენტარულ გამოკვლევებს ჩაიტარებთ. ბაკურიანის მასშტაბით სულ ორი სასწრაფო დახმარების მანქანაა“, - აღნიშნა მენეჯერმა.
რაც შეეხება დამსვენებლებს, ნათია ლეჟავა განმარტავს, რომ საახალწლოდ სასტუმრო 100%-ით დაჯავშნილია.
ბაკურიანში არსებულ პრობლემებზე საუბრობს სასტუმრო Snow Plaza-ს მენეჯერი ნანა ომანიძეც. როგორც ის განმარტავს, კურორტზე პრობლემები კვლავ უცვლელია.
„ამ ეტაპზე ახალი წლის ჩათვლით სასტუმროს ნომრების 60%-ი დაჯავშნილია. რაც შეეხება რეგიონში არსებულ პრობლემებს, ის კვლავ უცვლელი რჩება. შიდა გზების მოუწესრიგებლობა, ასევე ანტისანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემები.
რეგიონში ასევე გაზიფიკაციის და ელექტროენერგიის პრობლემა დგას, რადგან დაზიანება ხშირად ხდება“, - განაცხადა ომანიძემ.
Hotel New Didveli-ს მენეჯერი მაია მურაჩაშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში სხვა პრობლემებთან ერთად გასართობი ადგილების სიმცირეა.
„ბაკურიანში წყლის პრობლემა დგას და სწორედ ამიტომ ჩვენ წყლის ავზები გვიდგას. როდესაც წყალი მოდის, ავზებს ვავსებ. უწყლობის გამო სხვა სასტუმროებიდან ჩვენთან ხშირად გადმოდიან.
ასევე პრობლემაა გასართობი ადგილების ნაკლებობა. უმჯობესი იქნება, თუ მეტი კაფე-რესტორანი ექნება კურორტს. კერძო სექტორმა ამის განვითარებაზე უნდა იზრუნოს“, - განმარტა მენეჯერმა.
მაია მურაჩაშვილი „კომერსანტთან“ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების არარსებობის პრობლემაზეც საუბრობს.
„პრობლემაა ის, რომ სასწრაფო დახმარების ორი მანქანა, რომელიც ბაკურიანს და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება, გვიან მოდის ან რაოდენობრივი თვალსაზრისით არასაკმარისია. პირველადი დახმარების მხოლოდ ერთი პუნქტი დგას და თუ საქმე გართულდა, ბორჯომში ჩაჰყავთ პაციენტი“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა.
რაც შეეხება ამ ეტაპზე სასტუმროს ჯავშნების რაოდენობას Hotel New Didveli-ს მენეჯერი აცხადებს, რომ წელს სასტუმროზე მოთხოვნა დიდია და ახალი წლის ჩათვლით ის 100%-ით დაჯავშნილია.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge