მირზა-შაფის პროექტის მშენებლობა 2-3 თვეში დაიწყება. ამის შესახებ პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „კომერსანტს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანიამ თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო.
სვანიძის განმარტებით, CAPITAL PARTNERS OF GEORGIA მშენებელი კომპანიის სატენდერო გზით შერჩევის ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, ამ დროისთვის კომპანია სატენდერო წინადადებაზე მუშაობს. მისი განცხადებით, უკვე ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი.
„ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, აღარ აქვს მნიშვნელობა მშენებლობა ზამთარში დაიწყება თუ ზაფხულში. ამიტომ, სეზონს ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ტენდერს დააახლოებით ნოემბრამდე გამოვცხადებთ, შემდეგ შერჩევას დასჭირდება გარკვეული პერიოდი. საერთო ჯამში, პროექტის განხორციელება 2-3 თვეში დაიწყება“-აცხადებს სვანიძე.
CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი გასული წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ პარტნიორებთან ერთად „მირზა შაფის" პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ისტორიკოსები, ცნობილი არქიტექტორები, რათა პროექტი მაქსიმალურად ჩამჯდარიყო აბანოთუბანში, ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში და ყველასთვის მისაღები ყოფილიყო. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან" სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.
პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1200-მდე ადამიანი დასაქმდება.
პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge