„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 11 მაისამდე იქნება შესაძლებელი.
სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.
პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად, თითოეულს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ან საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს მაღალმთიან რეგიონში 0,1 ჰა, დანარჩენ ტერიტორიაზე 0,3 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის ნებადართული ჯიშები.
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება უნდა უზრუნველყოს.
გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.
www.travelingeorgia.ge