საბურთალოს ხაზზე, მგზავრებს ორი, სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება. ვაგონები სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლდა.
„ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში, სადაც სამუშაოები ჩატარდა, 150 ადამიანია დასაქმებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა; ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე კამერები; მგზავრების კომფორტულად გადაადგილებისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; ძველი ტიპის მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამატებით კიდევ რვა ვაგონს განაახლებს.
მოდერნიზებული ვაგონების პრეზენტაციის პარალელურად, ქალაქის მერმა განსხვავებული დიზაინის სამგზავრო ბარათი წარადგინა, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. კახა კალაძემ „მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსში გამარჯვებულ რეზო მელიქიშვილს საინტერესო დიზაინის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.
„მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსი თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 10 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.
თბილისის მერის თქმით, ახალი ბარათების შეძენა მგზავრებს 15 მაისიდან წლის ბოლომდე შეეძლებათ. 23-დან 26 მაისის ჩათვლით კი, ბარათები მეტროსადგურების სალაროებში მგზავრებს უფასოდ გადაეცემათ.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე და საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე ისაკაძე იმყოფებოდნენ.
www.travelingeorgia.ge