მესტიაში X საუკუნის წმ. გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაკიფარში წმ. გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია რეგიონის სატაძრო ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშია. X საუკუნეშია აგებული, შემოვლებული აქვს ქვის ზღუდე. ზღუდის შიგნით, სასაფლაოთა შორის, შთამბეჭდავად ამოზრდილია შირიმის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია, რომელიც სვანეთის ქრისტიანულ სალოცავებს შორის საფასადო მხატვრობის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია, გამორჩეულია - საფასადო სკულპტურის არსებობის თვალსაზრისით.
ნაგებობის დარბაზული სივრცის ძირითადი ნაწილი დახურულია მაღალი, ორქანობიანი სახურავით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ფასადებზე მიდგმული სტოა - ცალქანობა გადახურვით. ამჟამად გადახურვა თუნუქისაა. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ დარბაზულ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. კირ-დუღაბზე ამოყვანილი და ნატეხი ქვით ნაგები ეკლესია შირიმის თლილი კვადრებით არის მოპირკეთებული.
გამორჩეული მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით იქცევს ყურადღებას ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი. საფასადო კომპოზიცია მასიური, შვერილი პილასტრებით შედგენილ სამთაღედს ეფუძნება;ფასადის მხატვრული გადაწყვეტის ღირსებას წარმოადგენს მისი ფრესკებითა და ზოომორფული სკულპტურული თავებით გამშვენიერება. შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ხელოვნებაში სრულიად უნიკალურად აღიქმება ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის ექსტერიერი და მისი მხატვრული გადაწყვეტა, როგორიცაა სკულპტურული და ფერწერული დეკორის ერთიან კომპოზიციად გააზრება.
გამორჩეული მნიშვნელობისა ტაძრის ინტერიერის მოხატულობა, რომელიც სვანური ფერწერული სკოლის აყვავების ხანას მიეკუთვნება. გამოკვეთილი ხელწერისა და ხაზგასმულად ექსპრესიული მონუმენტური მხატვრობა შესრულდა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს.
www.travelingeorgia.com