ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი ძალიან დიდია და შესაბამისად, ტურიზმის სფეროს თითოეულ წარმომადგენელთან შეხვედრა და კომუნიკაცია აუცილებელი იქნება.
მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში კერძო სექტორთან შეხვედრის კვირეული დაიწყება, რომლის ფარგლებშიც გაფართოებული სამუშაო შეხვედრები გაიმართება.
„ძალიან დიდი სექტორია და ცალკე სასტუმროებთან, ტუროპერატორებთან, ასოციაციებთან ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრები. გადავწყვიტეთ, შეხვედრების კვირეული მოვაწყოთ, სადაც ყველა სექტორს დავპატიჟებთ. ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ადამიანებს, რომლებიც ახალი განთავსების ობიექტების მიმართულებით ხელს გვიწყობენ”, – განაცხადა მან.
ქვრივიშვილი ამბობს, რომ კერძო სექტორთან პირისპირ შეხვედრა კონკრეტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ ფორმალური შეხვედრები შედეგს არ მოიტანს.
„ვაპირებთ, შევხვდეთ საკონვენციო ბიუროს წევრებს, რომლებიც საქმიან ტურიზმს წარმოადგენენ, ასევე გიდების ასოციაციას, ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოში, EBRD-ის ბაზაზე არსებულ ტურიზმის საბჭოს და ა.შ.
მეც კერძო სექტორიდან ვარ და დაახლოებით, ვიცი რა გამოწვევები აქვთ, თუმცა მათთან პირისპირ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
გვჭირდება კონკრეტული საუბრები და ინიციატივები. მჯერა, რომ ყველა სექტორს უნდა ვესაუბროთ, რადგან განსხვავებული პრობლემები აწუხებთ”, – აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 4 თებერვალს დაინიშნა.