კოჯორში, აზეულას ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელი მოეწყობა. პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგეობა „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული მინათების სისტემა მოეწყობა, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი, 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდება. ციხის მიმდებარედ განათების საყრდენი ბოძები დამონტაჟდება და დაიქსელება. განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს.
მთაწმინდის გამგეობა აზეულას ციხის ტერიტორიის კეთილმოწყობით თბილისის ტურისტული მარშრუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებას გეგმავს. პროექტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა ჩართული.

ახალი ტურისტული ბილიკის გახსნისთვის ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა, განთავსდება მიმართულების მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებულ იუნკერთა მემორიალს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებნენ. ციხე ცნობილია „ქოროღლის“ და „კოჯრის“ სახელწოდებითაც. ციხესიმაგრეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსთვის.
www.travelingeorgia.ge