ხვანჭკარა, მაჭახელას თაფლი, ახალქალაქის კარტოფილი... ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების დასაცავად
,,საქპატენტში“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხელი მოეწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებას ,,ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს მხარეთა მიერ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ნაცვალგების წესით დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სიების განახლებას. გადაწყვეტილების ხელმოწერის შედეგად ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვა მიენიჭა 4 ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას: ,,ტყიბულის ჩაი“, ,,მაჭახელას თაფლი“, ,,ქუთაისის მწვანილი“ და ,,ახალქალაქის კარტოფილი“.
განახლდა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სია.
ქვეკომიტეტის სხდომაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ, ესტონეთსა და ლატვიაში, გამოვლენილი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების (ხვანჭკარა, ქინძმარაული, ჩურჩხელა) უფლებების დარღვევის ფაქტები და ამ ფაქტებზე ევროკავშირის მხარის მიერ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად უფლებების აღსრულებისა და დაცვის მექანიზმების განხორციელების საკითხები.
საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი შექმნილია ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად. ქვეკომიტეტის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება.
www.travelingeorgia.ge