გუბერნატორი: კახეთში ჩქაროსნული რკინიგზისა და აეროპორტის განვითარების საკითხი განიხილება
კახეთის ტურისტული განვითარებისთვის სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს. კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამ მიზნით განიხილება კახეთში ჩქაროსნული რკინიგზისა და აეროპორტის განვითარების შესაძლებლობა.
"რკინიგზა მინიმალური მნიშვნელობით დღესაც ფუნქციონირებს, განსაკუთრებით დედოფლისწყაროს მიმართულებით. რაც შეეხება ჩქაროსნულ რკინიგზას, ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც ამჟამად აქტიური დამუშავების ფაზაშია. წინმსწრებად ვიტყვი, რომ იგეგმება, რომ კახეთი ტურისტული ვიზიტორებისთვის ცალკე რეგიონად გამოცხადდეს და მას განვითარების ახალი სტიმული მიეცეს. ამასთან დაკავშირებით განვითარების კონცეფციაში რამდენიმე საკითხი განიხილება. რკინიგზა არის წვდომის საშუალება ტურისტისთვის და ადგილობრივი მოსახელობისთვისაც“, - აცხადებს გუბერნატორი "საქმიან დილასთან" საუბრისას. მისივე თქმით, განიხილება თელავის აეროპორტის შესაძლებლობების გაზრდაც, რაც ჩარტერული რეისების მიღებას გულისხმობს, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არაა.
"ყველაფერი ეკონომიკაზეა აგებული და დღესდღეობით სავსებით საკმარისია საავტომობილო ტრანსპორტი, მითუმეტეს ახალი გზების შემთხვევაში, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და თბილის შორის მიმოსვლა, კავშირი არსებობდეს. ამიტომაც ახლა გათლა ამ პერსპექტივაზეა, რომ კახეთის, როგორც ცალკე მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით აეროპორტი იქნება პრიორიტეტული თუ თბილისის აეროპორტი დარჩება პრიორიტეტულად და მთელ კახეთის რეგიონს საავტომობილო გზებისა და სარკინიგზო საშუალებით ექნებათ კავშირი. დღეს თელავის აეროპორტი საავიაციო უნივერსიტეტთან არსებული აეროპორტია, სადაც მცირე მოცულობის თვითმფრინავების მიღების საშუალება არის. იქ ამჟამად სასწავლო ტიპის თვითმფრინავები არიან და ფრენებს ასრულებენ. თუმცა, აქ საუბარია სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო მაღალი კლასი თვითმფრინავების მიღების საშუალებას მოგვცემს. თუ კერძო დაკვეთაა ფრენები ხორციელდება, მაგრამ რეგულარული რეისების შესასრულებლად, მათ შორის, ჩარტერული რეისების სხვანაირი დაშვებებია საჭირო. ამ ყველაფერს კი საერთაშორისო დონის მოწყობა და რეაბილიტაცია დასჭირდება", - ამბობს გუბერნატორი და განმარტავს, რომ იდეა ტურისტული ბიზნესიდან მოდის.
"მრავალი ქვეყანა და გადამზიდავი კომპანია გამოთქვამს ინტერესს. ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს წინასწარი მოლაპარაკებები აქვთ, ვფიქრობ, რომ გარკვეულ პერიოდში, ალბათ მთავრობა განვლილი სამუშაოების გაანალიზების შედეგად, თავის კონკრეტულ პოზიციას გამოხატავს“, - ამბობს გუბერნატორი.
WWW.BM.GE