დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს.მისივე თქმით, ამ საკითხზე მას კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთანაც ჰქონდა.
“მე პრემიერ-მინისტრთან მქონდა თბილისის სხვადასხვა პლატფორმებზე პოზიციონირებაზე საუბარი. ტურისტებს უნდა ავუხსნათ, თუ როგორი ლამაზია ჩვენი დედაქალაქი, რამდენად საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით და მე მინდა, ბატონ ანდრია ბასილაიას დავავალო, რომ ეს სამსახური გავააქტიუროთ ამ მიმართულებით და ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ მაქსიმალური პოზიციონირება მოვახდინოთ. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი, ის კულტურა, რითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი – სტუმართმასპინძლობა, ბევრი ღირსშესანიშნავი თემა გვაქვს, რომლის წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განმარტა მან.
დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს ცნობადობის გასაზრდელად.
“ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი დრო გაატაროს თბილისში, რათა მეტი თანხა დაიხარჯოს. რა თქმა უნდა, ეს ფული შემდეგ ბიუჯეტში მიდის და ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ მოვახმაროთ ჩვენს ქალაქს. ჩემი თხოვნაა, რომ გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა კალაძემ.
bm.ge