კახა კალაძე: ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა პრიორიტეტული მიმართულება იქნება
ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ციტადელის აღმოსავლეთ კედელს ჩაუტარდა. ნარიყალას ტაძრის მიმდებარედ, ორსართულიანი საერო სახლი აშენდა, ხოლო გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა ქვაფენილით მოპირკეთდა. ასევე, მთლიანად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.
სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 715 000 ლარი დაიხარჯა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილია დედაქალაქში და მისი კეთილმოწყობა, განვითარება ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები იქნება, რომელშიც ძეგლები და ისტორიული შენობა-ნაგებობები შედის. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნარიყალას ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო პროექტი არქიტექტორ ტარიელ კიპაროიძის ავტორობით მომზადდა.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge