კალაძეს ისტორიული ძეგლების ფასადების დაზიანება და კონდიციონერებით დამახინჯება არ მოსწონს
ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტების მომრავლების აღმოფხვრა თბილისის მერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
კახა კალაძემ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისკენ მოუწოდა. თბილისის მერი შემაშფოტებელს უწოდებს ისტორიულ ძეგლებზე კონდიციონერებით, გამათბობლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანების ფაქტებსსაც და მოქალაქეებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, დაიხარჯა 30 მლნ ლარი. მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით, ხორციელდება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია-აღდგენა. პროექტების ღირებულება ჯამში 110 მლნ ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია, ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა და შენარჩუნება. მაქვს ფოტოსურათები, სადაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს იქ არსებული ისტორიული ძეგლები და შენობა-ნაგებობები, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო პირობებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დამახინჯების ხარჯზე.
„ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას გავაგრძელებთ და ამაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. თქვენი, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, ვერ შევძლებთ თბილისს აღვუდგინოთ და მისი ისტორიული იერსახე შევუნარჩუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობამ გამგეობასთან შეთანხმებით, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა სხვა ადგილზე უნდა გადაიტანოს, ხოლო ფასადების აღდგენისთვის საჭირო ხარჯებს მუნიციპალიტეტი გამოყოფს. ფასადების აღდგენის სამუშაოებში კი, დედაქალაქის მერია, გამგეობა და „თბილისის განვითარების ფონდი“ ჩაერთვება.
www.travelingeorgia.ge