ჯოიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ თელოვანთან მდებარე ჯოიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაქოიანის ხევში, მდინარის მარცხენა ნაპირას შემაღლებულ ფერდობზე დგას.
ეკლესია დარბაზულია, გეგმაში სწორკუთხა და დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვით კირის ხსნარზე. საშუალო ზომის სუფთად გათლილი ქვები თანაბრად არის ჩალაგებული, ეკლესია დასრულებულია მარტივ პროფილიანი კარნიზით (ლილვი+წრეთაგი+ლილვი+თარო) და გადახურულია კრამიტის საბურავით, დგას ცოკოლზე.
შესასვლელი მოწყობილია სამხრეთიდან, აქ მართკუთხა ფორმის კარია გაჭრილი, რომლის თავზეც დიდი ზომის არქიტრავის ქვა დევს, რელიეფური ორნამენტით შემკული. არქიტრავის ქვაზე გამოსახულია, ცენტრში, წრეში ჩასმული ჯვარი, რომლის თავზეც ნახევარწრიული თაღი გადადის, ჯვრის ორსავე მხარეს კი გეომეტრიული ფორმები იკითხება.
ტაძარს ანათებს მხოლოდ ერთი სარკმელი, რომელიც აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი.
საკურთხეველი მთავარი დარბაზისგან ერთი საფეხურით შემაღლებული ადაბაგით არის გამოყოფილი. საკურთხეველში, ჩრდილო და სამხრეთ მხარეს ორი ნიშია მოწყობილი. სამხრეთ ფასადზე, არქიტრავის ქვის გასწვრივ, კედლის წყობაში შემორჩენილია ორი კონსოლი, რომელიც მიანიშნებს, რომ ეკლესიას სამხრეთისკენ მოკლე მინაშენი ექნებოდა. თავდაპირველად ეკლესია აგებულია X საუკუნეში.
მოგვიანებით შენობა შეუკეთებიათ, რაზეც კარნიზის პროფილი მეტყველებს. ჯოიანის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია ქართული საკულტო არქიტექტურის ძეგლია და ხალხური შემოქმედებითი ნაკადის ნიშნებს ატარებს.
ეკლესია გამოირჩევა მაღალმხატვრული ხუროთმოძღვრული ღირებულებით და გააჩნია გარკვეული არქიტექტურული მახასიათებლები. მას აქვს თავისი ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტრუქციული ელენემენტები.
www.travelingeorgia.ge